განვადებით ნასყიდობის შესახებ

სტანდარტული ხელშეკრულება

 

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

1.1.წინამდებარე ხელშეკრულების საგანია გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ნასყიდობის საგნის საკუთრების უფლებით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ.

1.2.საკუთრების უფლება მყიდველისათვის გადაცემულად ითვლება ნასყიდობის საგნის გადაცემასთან ერთად. ამასთან, მყიდველს წარმოეშვება 2.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება.

1.3.ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის გამყიდველს წარმოადგენს შპს „კორეან ელექტრონიქს“  (ს/კ: 406221921 ), წარმოდგენილი დირექტორის გიორგი ქიძინიძის  სახით,  ხოლო მყიდველს წარმოადგენს დანართში მითითებული პირი.

 

მუხლი 2. ნასყიდობის საგანი

2.1. ნასყიდობის საგანი განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულების დანართით, რომელიც ავტომატური წესით, კომპიუტერული სისტემის მეშვეობით გენერირდება ინდივიდუალურად, მას შემდეგ, რაც მყიდველი შეარჩევს გამყიდველის საკუთრებაში არსებულ კონკრეტულ ნივთს (შემდგომში - ნასყიდობის საგანი).

2.2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულებამდე მყიდველს უფლება არ აქვს გაასხვისოს, დააზიანოს, ან/და უფლებრივად დატვირთოს ნასყიდობის საგანი.

 

მუხლი 3. ნასყიდობის საფასური და გადახდა

3.1. ნასყიდობის საფასური განისაზღვრება ინდივიდუალურად, მყიდველის მიერ კონკრეტული ნასყიდობის საგნის შერჩევის დროს, დანართის შესაბამისად.

3.2. ნასყიდობის საფასურის გადახდა ხორციელდება განვადებით. ნასყიდობის საფასური და გადახდის გრაფიკი განისაზღვრება ინდივიდუალურად, წინამდებარე ხელშეკრულების დანართით, რომელიც ავტომატური წესით კომპიუტერული სისტემის მეშვეობით გენერირდება ინდივიდუალურად, მას შემდეგ, რაც მყიდველი შეარჩევს ნასყიდობის საგანს. თუკი გადახდის ბოლო დღე საქართველოში გამოცხადდება უქმე/დასვენების დღედ, მყიდველს გადახდის ვალდებულება წარმოეშვება მომდევნო სამუშაო დღეს.

3.3. გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, თუკი ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა აღემატება 10 კალენდარულ დღეს, გამყიდველი ან/და გამყიდველის უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება მყიდველისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით 5.1.ბ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკომუნიკაციო საშუალებით, ელ-ფოსტაზე შეტყობინებით და მოითხოვოს გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადაუხდელი თანხისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სხვა გადასახდელის სრული ოდენობით გადახდა.

3.4. 3.3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამყიდველი უფლებამოსილია მოთხოვნის უფლება გადასცეს მესამე პირს. აღნიშნულის შემთხვევაში ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც გამომდინარეობს წინამდებარე ხელშეკრულებიდან გადაეცემა მესამე პირს და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობა ვრცელდება აღნიშნულ მესამე პირზე. ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გამყიდველი ვალდებულია, მესამე პირს გადასცეს მყიდველის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია, რაც წინ უძღოდა წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებას ან/და რომელიც გააჩნია გამყიდველს ხელშეკრულების მიმდინარეობის პროცესში.

3.5. ვალდებულების შესრულების მონიტორინგისა და უზრუნველყოფის მიზნით, გამყიდველი ან/და გამყიდველის მიერ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია დაუკავშირდეს მყიდველს, მათ შორის, სატელეფონო თუ სხვადასხვა სახის შეტყობინების გზით (მათ შორის, სხვადასხვა აპლიკაციისა თუ სოციალური ქსელის მეშვეობით, მაგ., Viber, Whatsupp, Facebook ან/და სხვა), შეახსენოს ვალდებულების შესრულების თარიღი, გრაფიკის დარღვევის ფაქტი, გამყიდველის მოთხოვნის უფლებები.

3.6. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისა და შესაძლო დავის სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტის მიზნით, მყიდველი თანხმობას აცხადებს მისი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს გამყიდველმა ან/და გამყიდველის მიერ უფლებამოსილმა პირმა.

3.7. მყიდველი უფლებამოსილია ვადამდე დაფაროს სრულად გრაფიკით გათვალისწინებული სრული საფასური, რისთვისაც მას არ დაეკისრება დამატებითი საკომისიო ან/და პირგასამტეხლო.

მუხლი 4. პირგასამტეხლო

4.1. მყიდველის მიერ გადასახდელი თანხის გამყიდველის მიერ მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება პირგასამტეხლო.

4.2. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი გადააცილებს ამ ხელშეკრულებით/მისი ნებისმიერი ნაწილით გათვალისწინებული გადასახდელის გადახდის ვადას, მაშინ გამყიდველი უფლებამოსილია, დაარიცხოს მას პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევისათვის. პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ნარჩენი მთლიანი გადასახდელი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების სრულ აღმოფხვრამდე. ამასთან, გამყიდველი უფლებამოსილია, დაარიცხოს მყიდველს ერთჯერადი ჯარიმა 20 (ოცი) ლარის ოდენობით ვადაგადაცილების პირველივე დღეს.

4.3. პირგასამტეხლოს დარიცხვა ხორციელდება მყიდველის მიერ ვალდებულების სრულ შესრულებამდე. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული შენატანის ნაწილის გადახდის შემთხვევაში, გამყიდველს ან/და გამყიდველის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს დაარიცხოს მყიდველს პირგასამტეხლო ამ მუხლით გათვალისწინებული ოდენობით.

4.4. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველს გადასახდელი აქვს პირგასამტეხლოც და გრაფიკით გათვალისწინებული შენატანიც, მყიდველის მიერ თანხის გადახდის შემთხვევაში, პირველ რიგში დაიფარება პირგასამტეხლო, ხოლო შემდეგ გრაფიკით გათვალისწინებული შენატანი. გრაფიკით გათვალისწინებული შენატანი დაიფარება თანმიმდევრობით, ჯერ დაიფარება იმ შენატანის ნაწილი, რომელიც უფრო ადრე იყო გადასახდელი.

მუხლი 5. კომუნიკაცია. სასამართლო უწყების ჩაბარება

5.1. გამყიდველის ან/და გამყიდველის უფლებამოსილი პირის მიერ კომუნიკაცია განხორციელდება შემდეგი საშუალებებით:

ა) სატელეფონო კომუნიკაცია;

ბ) ელ-ფოსტის მეშვეობით კომუნიკაცია;

გ) ნასყიდობის საგნის ადგილსამყოფელისა და მისი მდგომარეობის შესამოწმებლად მყიდველის საცხოვრებელ ადგილზე ვიზიტი;

დ) მყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე ვიზიტი;

ე) ოფიციალური კორესპონდენციის გაგზავნა მყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე.

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამყიდველი და მყიდველი თანხმდებიან უწყებისა და ამავე კოდექსით გათვალისწინებული გზავნილების ჩაბარების უზრუნველყოფის მიზნით უწყების/გზავნილის ჩაბარების სპეციალურ გონივრულ წესზე, ამ მუხლის 5.3 პუნქტის შესაბამისად.

5.3. სასამართლო უწყების/გზავნილის მყიდველისათვის ჩაბარებისათვის გამყიდველი ან/და გამყიდველის მიერ უფლებამოსილი პირი გააგზავნის შეტყობინებას 5.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელ-ფოსტის მისამართზე. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის მიერ გამყიდველთან გაიგზავნება აღნიშნული შეტყობინების მიღების დამადასტურებელი შეტყობინება, სასამართლო უწყება/გზავნილი მყიდველისათვის ჩაბარებულად ითვლება. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის მიერ არ განხორციელდება ელ-ფოსტაზე მიღებული შეტყობინების მიღების დადასტურება, გამყიდველი გაუგზავნის მყიდველს წერილობით შეტყობინებას 5.1 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით განსაზღვრულ მისამართზე. ასეთ დროს, უწყება/გზავნილი ჩაბარებულად ითვლება შემდეგ შემთხვევებში:

ა) მყიდველი უშუალოდ ჩაიბარებს სასამართლო უწყებას/გზავნილს;

ბ) მყიდველი უარს განაცხადებს სასამართლო უწყების/გზავნილის ჩაბარებაზე;

გ) მისამართზე მყოფი ქმედუნარიანი პირი ჩაიბარებს სასამართლო უწყებას/გზავნილს;

დ) მისამართზე მყოფი მესამე პირი უარს იტყვის სასამართლო უწყების/გზავნილის ჩაბარებაზე;

ე) მისამართზე არ იმყოფება არავინ, ან/და მისამართი არასწორია. ასეთ შემთხვევაში, უწყება/გზავნილი იგზავნება მეორედ და მეორედ გაგზავნილი უწყება/გზავნილი ჩაბარებულად ითვლება ნებისმიერ შემთხვევაში იმ მომენტიდან, როდესაც უწყება/შეტყობინება მივა აღნიშნულ მისამართზე.

5.4. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომუნიკაციო მონაცემები განისაზღვრება დანართით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

5.5. ნასყიდობის საგნის მდგომარეობისა და 2.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მონიტორინგის მიზნით, გამყიდველი ან/და გამყიდველის მიერ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია განახორციელოს მყიდველის მისამართზე ვიზიტი, რაც გათვალისწინებულია 5.1 პუნქტით.

მუხლი 6. დავების გადაწყვეტა

6.1. მხარეები შეეცდებიან ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავები გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით.

6.2. მხარეებს უფლება აქვთ დავის გადასაწყვეტად მიმართონ სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

მუხლი 7. დასკვნითი დებულებები

7.1. წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს სტანდარტულ პირობებს, რომელიც განთავსებულია გამყიდველის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.koreanelectronics.ge

7.2. წინამდებარე ხელშეკრულების დანართ(ებ)ი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ინდივიდუალურად შეთანხმებულ პირობებსა და წინამდებარე ხელშეკრულებას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ინდივიდუალურად შეთანხმებულ პირობებს.

7.3. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, რომელიც მხარეთა მიერ გასაგები და აღიარებული ენაა.

7.4. სტანდარტული პირობები შეიძლება შეიცვალოს იმავე ვებ-გვერდზე განახლებული ვერსიის განთავსების გზით.  ვებ-გვერდზე განთავსებიდან სტანდარტული პირობები შეცვლილად და მეორე მხარისათვის გაცნობილად ითვლება.

7.5.  მყიდველი თანახმაა, გამყიდველმა დაამუშაოს წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე  პერსონალური მონაცემები, მათ შორის, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სამუშაო ადგილი, პროფესია, ოჯახური მდგომარეობა, დაბადების ადგილი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მისამართი, სოციალურ ქსელში არსებული ინფორაცია, ფოტოსურათი, ალტერნატიული მისამართი, ფინანსური მონაცემები, გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სქესი, კანონიერი გზებითა და მიზნებით, მათ შორის, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის, მარკეტინგული მიზნებისათვის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის, შეთავაზებების განსახორციელებლად.

7.6. გამყიდველი უფლებამოსილია დანართით გათვალისწინებული თანხმობის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია დაამუშაოს განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მათ შორის, გადასცეს მესამე პირს შპს „ფინანსური ბიურო“-ს, ს/კ 415594379 , რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მყიდველის გადამხდელუნარიანობის ანალიზი.